2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა საქართველოს 1 000 მოქალაქეს ექნება – მთავრობის ანგარიში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს შეუქცევად, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად რეფორმების გატარებაში.

მთავრობის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში ცირკულარული მიგრაციის პროგრამებიც მოხვდა, რომელსაც საქართველო ამ ეტაპზე გერმანიასთან და ისრაელთან ახორციელებს.  აღნიშნული პროგრამები საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების საშუალებას აძლევს.

„ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისათვის. მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი, რომლის თანახმად, იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება”, – წერია მთავრობის ანგარიშში.

მთავრობის ინფორმაციით, გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმებით გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5000 ადამიანისათვის, თუმცა გასულ წლის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს 308 მოქალაქე დასაქმდა. მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, ჯამში, დასაქმებულია 132 ადამიანი.

რაც შეეხება ისრაელს, ჯერჯერობით, ლეგალური დასაქმების პროგრამით საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უსარგებლია.

„ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2076 მოქალაქე. აქედან შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე.

ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ − განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს”, – ნათქვამია მთავრობის წლიურ ანგარიშში..