მხოლოდ რუსეთია სრულად პასუხისმგებელი სასურსათო კრიზისზე, ბატონო ელჩო, თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ დარბაზიდან, ალბათ უფრო მარტივია, არ უსმინოთ სიმართლეს – შარლ მიშელი რუსეთის ელჩს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ.

როგორც შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, მხოლოდ რუსეთია სრულად პასუხისმგებელი სასურსათო კრიზისზე.

„რამდენიმე თვის წინ ბოროდიანკაში ვიყავი, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკეები ჩაიდინეს – დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა აუციებლად უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან. მათ პასუხი უნდა ვაგებინოთ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვეხმარებით ამ სამხედრო დანაშაულების მტკიცებების შეგროვებაში. დაუსჯელობა გამოსავალი არ არის.

ბატონო რუსეთის ელჩო, მოდით, გულწრფელი ვიყოთ. კრემლი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის ომის დრამატული შედეგები ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ეს იწვევს სურსათის გაძვირებას, ადამიანებს აღარიბებს და მთელი რეგიონების დესტაბილიზაციას ახდენს. მხოლოდ რუსეთია სრულად პასუხისმგებელი სასურსათო კრიზისზე, კრემლის სიცრუისა და დეზინფორმაციის კამპანიის მიუხედავად, ბატონო ელჩო, თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ დარბაზიდან, ალბათ უფრო მარტივია, არ უსმინოთ სიმართლეს,” – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.