სამართლიანი გადაწყვეტილება, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების აღიარება იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული, დემოკრატიული მომავალი – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. მისივე თქმით, ამავე დროს, ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია წარუმატებელია, რადგან ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა.

„ახალ პროცესში იტალიისა და ევროპის მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლოების 88 პროცენტისთვის, რომელიც ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას. სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების აღიარება, რომ იქ არის მისი ადგილი, იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი.

ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები. ინტეგრაციის პროცესი თუ აჩქარებულია, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და მას არანაირი შეფერხება არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და გზა ევროპისკენ.

ჩვენ ვისაუბრეთ და რეალურად, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარი განუყოფელია უკრაინაზე საუბრისგან, იმ სასტიკი, რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინას, როგორც დიდი ტრაგედია, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენთვისაც ძალიან ახლოა, რადგან არაერთხელ გავიარეთ იგივე აგრესია, 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ამავე დროს ეს ეხება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ ეს არის ჩვენი, ყველას საერთო გამოწვევა. სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი – როგორც არის გამოწვევა და როგორიც არის პასუხი.

რუსულ აგრესიაზე ევროპის მთავარი პასუხია, პირველ რიგში, უკრაინის გამყარება, რადგან მან გახსნა ეს გზა. ასევე მოლდოვის და საქართველოს გზის გახსნა ევროპისკენ. ეს არის მშვიდობიანი, ნამდვილი პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის აგრესია შეიძლება, სხვადასხვა ფორმით გაგრძელდეს, მაგრამ უკვე არის წარუმატებელი იმით, რომ ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისე გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა. ევროპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის მყარი და არ იქნება ადვილად შეცვლილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.