მიხეილ დაუშვილი – როდესაც თქვენ დაკავებული ხართ გაუგებარი ლანძღვა-გინებით, დაპირისპირებით, ამ დროს ჩვენ ყველა რესურს, რომელიც გაგვაჩნია, ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

როდესაც თქვენ დაკავებული ხართ გაუგებარი ლანძღვა-გინებით, დაპირისპირებით, ამ დროს ჩვენ ყველა რესურს, რომელიც გაგვაჩნია, ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ოცნებისგან ბევრი მოვისმინეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ზოგადად ევროინტეგრაციაზე. მე არ ვაპირებ ჩამოვთვალო ყველა ის მძიმე ფაქტი ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე „ოცნებამ“ შექმნა, თუმცა ერთი რამე მინდა ცალსახად გითხრათ და ვიცოდეთ, რომ თუკი ვინმე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ჩვენ, ჩვენი პარტია აუცილებლად ვართ.

როდესაც თქვენ დაკავებული ხართ გაუგებარი ლანძღვა-გინებით, გაუგებარი დაპირისპირებით, ამ დროს ჩვენ ყველა რესურსს, რომელიც გაგვაჩნია, ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი არ არის ვინმეს, ოპოზიციური პარტიის ან ხელისუფლების მონაპოვარი, არამედ ის არის ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების და იმ ბავშვების მონაპოვარი, რომლებიც დღეს ჩვენ პარლამენტში გვესწრებიან.

ევროკავშირის წევრობაზე და ევროინტეგრაციაზე საუბრისას ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დემოკრატია, გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ ჩვენი მოქალაქეები და ხელისუფლება – თუ როგორ ასრულებს ამ გადაწყვეტილებებს. სწორედ ესაა ფუნდამენტური საკითხი” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, ქართული ოცნება ორიენტირებულია არა მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე, არამედ – ძალაუფლების შენარჩუნებაზე. მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რლ ბათუმის საკრებულოს კომისიებში უმრავლესობა მმართველმა გინდა მიიტაცა.

„როდესაც მოქალაქეების გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ, მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საკითხზე თუ რა ხდება დღეს საკრებულოებში, მაგალითად „ოცნებამ“ ბოლოს რა გააკეთა ბათუმის საკრებულოში, როგორ მიიტაცა უმრავლესობა საკრებულოს ყველა კომისიაში. მაშინ, როდესაც თვითმმართველობის კოდექსით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტით უნდა იქნეს განაწილებული პოლიტიკური ფრაქციებისა და უფრაქციო დეპუტატების წარმომადგენლობა.

„ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში მანდატების 48 პროცენტი უკავია, ანუ სრული შემადგენლობის 35 წევრიდან – 17 მანდატი, ამის მიუხედავად , საკრებულოში არსებულ ხუთივე კომისიაში მიიტაცა უმრავლესობა, რა დროსაც გამოიყენა ორი ბერკეტი, პირველი – ორ კომისიაში დაამატეს „ოცნების“ მხარდამჭერი ე.წ. „დამოუკიდებელი დეპუტატი“, ხოლო დანარჩენ კომისიებში, სადაც ამის საშუალება არ არსებობდა, მანიპულაციებით კომისიის შემადგენლობა განსაზღვრეს 12-ით, საიდანაც 6 ადგილი მიიღო ოცნება, რაც არის 50 პროცენტი. ეს რომ ლეგიტიმური იყოს თქვენ, „ოცნებას“ მანდატების 50 პროცენტი უნდა გქონდეთ მთლიანად საკრებულოში. რა თქმა უნდა, „ოცნებას“ კანონში რა წერია აღარ აინტერესებს, მას მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს და შესაბამისად მანიპულაციებით განსაზღვრა ისე, როგორც მათ აწყობდათ. უფრო მეტიც, მათ იქვე ისიც დაამატეს, რომ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი, თუ კომისიაში ხმები თანაბრად გაიყოფაო. მარტივად, რომ აგიხსნათ, თქვენ, „ოცნება“, რომ მათემატიკაზე საუბრობდით, ხომ გახსოვთ?! სწორედ ეგაა თქვენი მათემათიკა! კანონის უზენაესობის შეგრძნება „ოცნებას“ უკვე აღარ აქვს. „ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, მათთვის უზენაესი არა კანონი, არამედ საკუთარი პარტიაა.

ასევე უნდა ითქვას, რომ „ოცნება“ აგრძელებს მოქალაქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის სენაკის საკრებულოში, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირებულები იყოთ კრიზის დასრულებაზე, პირიქით ორიენტირებულები ხართ კრიზისის უფრო მეტად გაღრმავებაზე.

გარდა სენაკისა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ უკვე დიდი ხანია „ოცნება აღარაფრით განსხვავდება და სამწუხაროდ, ყველანაირი ზღვარი წაშალეთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის. ამის ნათელი დადასტურებაა გელა აბულაძის პატიმრობა, რომელიც რეალურად არის თქვენი პირადი პატიმარი. ამ ყველაფრის შინაარსი არის ერთადერთი – თქვენ ორიენტირებულები ხართ არა მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად მოქმედებაზე, არამედ – ძალაუფლების შენარჩუნებაზე” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.