ანგელა მერკელი აცხადებს, რომ 2008 წელს უკრაინის ნატოში მიღებას პუტინი არ დაუშვებდა

გრმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი სატელევიზიო ინტერვიუში საუბრისას აცხადებს, რომ 2008 წელს უკრაინა და საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ იყვნენ.

როგორც მერკელი გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ამბობს,  ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, რადგან მას რუსეთთან შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება სურდა.

ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის MAP-ის მინიჭებას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ, ეს შესაძლოა პუტინს ომის გამოცხადებად მიეღო, რაც უკრაინას მეტ ზიანს მოუტანდა.

„მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი ამას არ დაუშვებდა. მისი პერსპექტივიდან ეს ომის გამოცხადება იქნებოდა“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

„დიდად სამწუხაროა, რომ ეს არ გამოვიდა, მაგრამ მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ, რომ არ შევეცადე”, – დასძინა მერკელმა.

მისივე თქმით,  რუსეთის მიერ უკრაინაში „საერთაშორისო სამართლის სასტიკ უგულებელყოფას” გამართლება არ აქვს.