,,გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი, საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება, ეს პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკაზე” – ანდრიუს კუბილიუსი

ჩვენ გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, კრიტერიუმების დაკმაყოფილება პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკასა და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე.

„რატომ განვიხილავთ ამ საკითხს, სადაც შეშფოთებისთვის მრავალი თემაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს, რომ ქართველი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკაზე და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე. სწორედ აქედან მოდის ჩვენი შეშფოთება. მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ფორმალური და ჩრდილოვანი მმართველობის გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლი, რათა საქართველოში სამართლიანობის პოლიტიზება მოხდეს, ეს სრულიად მიუღებელია. სწორედ ამას ამბობს ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიო ფორმით.

პირველად არ ხდება, რომ პოსტკომუნისტური ქვეყნები მსგავსი ვითარების წინაშე არიან. 1997 წელს სლოვაკეთი არ მიიწვიეს მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან სლოვაკეთის პოპულისტური პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი იმ დროს ანადგურებდა დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს. სლოვაკმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა და გადაირჩია მეჩიარის მთავრობა. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას არ გაიმეოროს ვლადიმირ მეჩიარის შეცდომები“, – განაცხადა კუბილიუსმა.