,,ახლა რას გვეტყვიან „ქართულ ოცნებაში“, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოზე? – ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება იქნება ჩვენი სირცხვილი” – დავით უსუფაშვილი

ახლა რას გვეტყვიან „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და აქაური ოპოზიციის მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდათ, დღეს 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება საქართველოსთვის? – ეს იქნება ძალიან მძიმე, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებს და საქართველოში მედიაგარემოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციაზე დღეს დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გუშინდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათი ინიციატივა შარლ მიშელის დოკუმენტს დაბრუნებოდნენ, სწორი იყო.

„ამით ევროპელი კოლეგები დაინახავენ, რომ მთავრობა გონს მოვიდა, ოპოზიციის ის ნაწილიც სხვაგვარად ფიქრობს, ვინც თავის დროზე ამ პროცესს არ შემოუერთდა ან დააგვიანა და საერთოდ, ჩვენ ყველანი გონს მოვეგეთ. ევროპას საქართველოში გვარები და სახელები არ აინტერესებს, არც პოლიტიკური პარტიების დასახელებები და ფერები.

მათ აინტერესებთ, დაინახონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვა ადეკვატურად არის გააზრებული პოლიტიკური კლასის მიერ პირველ რიგში, ხელისუფლების მიერ და იდგმება სწორი ნაბიჯები. ჩვენი ევროპული მისწრაფებები არ უნდა დაზარალდეს არასწორი მთავრობის გამო, მაგრამ ამ არასწორმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ერეკლე მეფის იქით დაცვა კი არ არის დღეს მისი პრიორიტეტი, რადგან მას ვერც ვერავინ დააკლებს ვერაფერს და ვერც ვერავინ მოუმატებს, მას დაცვა არ სჭირდება, არამედ ერეკლეს და ჩვენი სხვა წინაპრების შთამომავლები, ანუ, დღევანდელი საქართველო არის დასაცავი და ევროპულ გზაზე დასაყენებელი,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.