სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდიდან, რომელებიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს – პრეზიდენტი

მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდიდან, რომელებიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უთხრეს, რომ მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა.

„მე მინდოდა ჩასვლა ასევე საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლოა, უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე. მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

ვთვლი, რომ მე ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელია, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი.

მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა. ამისთვის, ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.