აბსოლუტურად სწორია, რომ ევროპისკენ სწრაფვას ეძღვნებოდეს 20 ივნისის აქცია, მაგრამ ტრიბუნასთან პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ უნდა იყოს – ალეკო ელისაშვილი 

„მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ პოლიტიკოსები ტრიბუნაზე არ უნდა იყვნენ. მით უფრო ახლა, როდესაც ყველანი სულგანაბული ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში, რას გვეტყვიან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე გული მიუწევს, რადგან სურს, ევროპისკენ სწრაფვის მონაწილე იყოს, თუმცა არ იცის, რამდენად კარგი ან ცუდი შეიძლება, იყოს ეს.

„20 ივნისი არის თარიღი, როდესაც ხელისუფლებამ ხალხზე იძალადა. აბსოლუტურად სწორია, რომ ევროპისკენ ჩვენს სწრაფვას ეძღვნებოდეს ეს აქცია, პროტესტი. მიმაჩნია, ტრიბუნაზე პოლიტიკოსების და პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ უნდა იყოს. აქციაზე ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი გუნდის წევრები წავლენ, მაგრამ არ ვიცი, წავიდეთ თუ არა, მაგალითად, მე და ლევან იოსელიანი – უფრო კარგი იქნება, თუ უფრო ცუდი. რა თქმა უნდა, გული მიმიწევს, მინდა, მივიდე და მეც ვიყო ევროპისკენ სწრაფვის მონაწილე, მაგრამ არ ვიცი, რამდენად კარგი ან ცუდია ჩემი მისვლა.

არ გვინდა საქმე დავაზიანოთ. ეს აქცია ყველას უნდა აერთიანებდეს, არ უნდა ხლეჩდეს. რასაც ვუყურებ, აშკარად დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი და საბაბი გახდა. კარგი იქნება, პოლიტიკური მოთხოვნები არ იყოს დაყენებული, გარდა ევროპისკენ სწრაფვისა. აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება რომ არის, გასაგებია. მეტად პოლიტიკური სარჩული აქვს. ვიღაცას უნდა ეს აქცია თავისი მიზნისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.