„ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან მიტინგს სათავეში” – გიორგი ცაგარეიშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ცაგარეიშვილი 20 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას ეხმაურება. მისი შეფასებით, აქციის ორგანიზატორების მიზანია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა არ შედგეს.

“ყველაფერი დაიწყო ბაკურიანში. ბაკურიანის ფარული შეხვედრის ორგანიზატორები დღეს უდგანან მიტინგს სათავეში. მოწმენდილ ცაზე მეხისგავარდნასავით დაიწყო მოძრაობები იქითკენ მიმართული რომ როგორმე სამოქალაქო მშვიდობა ქვეყანაში არ შედგეს, არ ვიყოთ ჩვენ დამშვიდებულები და დაწყნარებულები, არ ვავითარებდეთ ქვეყნას, არ ვფიქრობდეთ ჩვენ ქვეყანაზე, ვფიქრობდეთ უბედურებაზე, საქართველოს ომში ჩართვაზე. ამას აკეთებენ ეს პოლიტიკოსები და ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, სრულად გაკოტრებულები, რომელთა ფასიც არის ნული საზოგადოებაში,” – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

თავის მხრივ, 20 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება. მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში განაცხადზე პასუხის მოლოდინში, აქცია აპოლიტიკური უნდა იყოს. იდეას არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი, რასაც სოციალურ ქსელში მათი დაპირისპირებაც მოწმობს.