გთავაზობთ 16 ივნისს ყველა შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა – პრეზიდენტი

16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 16 ივნისს უნდა შეიკრიბოს ყველა, როგორც რიგითი მოქალაქე იმის ნიშნად, რომ „ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“.

„ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ? პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან – ერთიანობა! სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს და ამიტომ ასევე გთავაზობთ და ასევე დეჟავუ მაქვს, არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღეროს, დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.