“ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში და არა ქუჩაში” – სერგეენკო ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე

დღეს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შეკრებაა. სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს 19 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. უკვე ცნობილია, რომ შეკრებას არ დაესწრება ოპოზიციის ნაწილი და მმართველი გუნდი.

ოცნებაში მიიჩნევენ, რომ სპონტანურად და მოუმზადებლად დაანონსებული აქცია, ვერ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ერთობას და ნებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

“ყველა ადამიანს აქვს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება. მე მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს პოლიტიკურ ინსტიტუციებში და არა ქუჩაში. ელჩებს აქვთ იმის უფლება, რომ დაესწრონ ნებისმიერ ღონისძიებას სადაც მოუნდებათ,”- აცხადებს სერგეენკო.