ვმუშაობთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის უფრო გაძლიერება – იენს სტოლტენბერგი

ვმუშაობთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.

„გუშინ შევხვდი საქართველოს თვადაცვის მინისტრს. ის ასევე მონაწილეობდა გუშინდელი საღამოს შეხვედრაზე. მოკავშირეებმა და პირადად მე ხაზი გავუსვი იმ მოკავშირეების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას, რომლებიც რუსული ჩარევის წინაშე არიან მოწყვლადები. რა თქმა უნდა, საქართველო არის მათ შორის, რადგან საქართველომ უკვე განიცადა მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შედეგები, ეს იყო 2008 წელს.

შესაბამისად, ჩვენ ახლა ვმუშაბთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება სამიტზეა დამოკიდებული. თუმცა მე ველოდები, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, ისინი დაადასტურებენ ჩვენი ღია კარის პოლიტიკას და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოსა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.