ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი – ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავის კონკრეტული წარსულით

სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა -,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა საუბარია ოლიგარქიზაციაზე, აქ არ არის ნაგულისხმევი ბიძინა ივანიშვილი.

„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა ეს ყველაფერი და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ასევე, კეზერაშვილი მეორე ოლიგარქი, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ოლიგარქების დასრულება ბუნებრივია, არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.

რა თქმა უნდა, ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი. ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავის კონკრეტული წარსულით, გარდა ბიზნესმენისა ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი საქართველოში, აქედან გამომდინარე აქ საუბარი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა 9 წელი, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არა მარტო ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ,“- განაცხადა კობახიძემ.