ევროკომისია საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმების ჩამონათვალს აქვეყნებს

საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია იმ ღირებულებების წინ წასაწევად, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ამიტომ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს პერსპექტივა, რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.

რაც შეეხება წევრობის ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობებს, დოკუმენტის თანახმად, საქართველო 2016 წლიდან მუშაობს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონაში.

„ეს შეთანხმებები უკვე მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო მოცულობას. საქართველო თანდათან მიუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობის მნიშვნელოვან ელემენტებს მრავალ თავში. მას აქვს განხორციელების საერთო პოზიტიური გამოცდილება, მაშინ როცა ზოგიერთ სექტორში ქვეყანა უფრო დაწინაურებულია, ვიდრე სხვებში. მთლიანობაში საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი შემდგომი შესაბამისობისთვის“, – აღნიშნულის დოკუმენტში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც ის შეასრულებს შემდეგ პრიორიტეტებს:

– მიიღოს და აამოქმედოს გამჭვირვალე და ეფექტური მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პოსტ-2021, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათაშორისი კონსულტაციების პროცესზე. უზრუნველყოს მართლმსაჯულება, რომელიც სრულად და ნამდვილად იქნება დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვის გასწვრივ, ასევე დაცული იყოს ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი. თვალსაჩინოდ უზრუნველყოს მართლმსაჯულებისა და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში და გადაჭრას ხარვეზები, რომლებიც გამოიკვეთა, მათ შორის ყველა დონის მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის წარდგენის პროცესში. გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და დანიშნოს უზენაესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.

დოკუმენტის თანახმად, კომისია გაუწევს მონიტორინგს საქართველოს პროგრესს, რომ დოკუმენტში აღნიშნული პრიორიტეტები იყოს შესრულებული და ამის თაობაზე ანგარიშს წარადგენს 2022 წლის ბოლოს.

„გაწევრიანების პროცესი კვლავაც არის დამოკიდებული დადგენილ კრიტერიუმებსა და პირობებზე. ეს აძლევს ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას, პროცესში მიაღწიოს პროგრესს, რომელიც დაფუძნებული იქნება საკუთარ დამსახურებებზე, მაგრამ ამავე დრო ნიშნავს, რომ ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით შეიძლება იყოს უკან გადადგმული, თუ ძირითადი პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.