,,დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ – სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომლის მინიმუმ ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღევანდელი აქცია „შინ ევროპისკენ“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს.

„პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად არ ჩაითვლებოდა. ერთი აბსოლუტურად განსხვავებული პუნქტია, რაც სხვას არავის უწერია, არც მოლდოვას და არც უკრაინას – ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის კონკრეტული მესიჯი. სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიციის გარეშე მას არაფერი გამოუვა. ეს ასევე იმის მანიშნებელია, რომ იმდენად შემაწუხებელია პოლარიზაციის ხარისხი საქართველოში, რომ ევროკომისიას თავის რეკომენდაციაში განსაკუთრებულად ხაზგასმა მოუწია, თანაც შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება ახსენეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომლის მინიმუმ ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან, ირღვევა დღევანდელი აქციის მოწოდებებიდან. ისინი ცდილობენ, რომ ქართული მოსახლეობის არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ ისტორიულ პროცესში არ არსებობს. ასე რომ ალაგებ 10 წელია და ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ? დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და რაღაც მომენტში არ უნდა ილაპარაკო, ესენი კი მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.