,,დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი, ერთი შეკრებით ჩვენ გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ” – გიორგი ვაშაძე

დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი, ერთი შეკრებით ჩვენ გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა სისტემური, გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მუშაობა, რომ საქართველო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ააცდინა ევროპულ გზას, ამ გზაზე დააბრუნონ.

„ქართული ოცნება” თავხედობას პირდაპირ აგრძელებს, პრემიერ- მინისტრმა გვაუწყა დილით, რომ თურმე უნდა გვიხაროდეს. უნდა გვიხაროდეს, რომ მაჩანჩალა ქვეყანა ვართ და ტრიოდან ამოვვარდით, უნდა გვიხაროდეს, რომ ოლიგარქიაში ვცხოვრობთ, უნდა გვიხაროდეს თურმე, რომ მთელმა ევროპამ დასკვნა დადო, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ კლანური მართლმსაჯულებაა ქვეყანაში, თურმე უნდა გვიხაროდეს, რომ ძალაუფლება მიტაცებულია. სწორედ ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, რათა ამ ადამიანებს შევაგნებინოთ, რომ მათი ტყუილები, კონსულტანტების მიერ დაწერილი ტექსტები, რომელსაც ზეპირადაც ვერ ამბობენ, ხალხზე არ მოქმედებს. დღეს ბევრნი უნდა ვიყოთ, ეს არ არის არც ერთი პარტიის აქცია, ეს არის საერთო, სახალხო ყრილობა, სადაც ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მისწრაფებაა ევროპა და “ქართულ ოცნებას” უნდა ვაჩვენოთ, რომ მთავარი ამოცანაა დეოლიგარქიზაცია, ეს არის პირობა, რაც ევროკავშირმა დაგვიწესა. მაგრამ აქვე უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი, ერთი შეკრებით ჩვენ გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ, ჩვენ გვჭირდება სისტემური, გეგმაზომიერი თანმიმდევრული მუშაობა, რომ საქართველო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ააცდინა ევროპულ გზას, დავაბრუნოთ უკან და პირნათელი ვიყოთ ჩვენი შვილების, მომავლის და აწმყოსთან მიმართებაში. 24- ში, როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გეტყვით, დეტალურად ყველა გზას, როგორ ვხედავთ პოლარიზაციის დასრულებას და ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს,”- განაცხადა ვაშაძემ.