,,საქართველოსაც მისცემდნენ ავანსად სტატუსს, მსოფლიოში თავი რომ არ ჰქონდეს მოჭრილი „ქართულ ოცნებას”, არ იცნობდნენ, როგორც „გადამგდებებს” და უპირო ადამიანებს” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოსაც მისცემდნენ ავანსად სტატუსს, მთელ მსოფლიოში რომ თავი არ ჰქონდეს მოჭრილი “ქართულ ოცნებას”, არ იცნობდნენ როგორც “გადამგდებებს”, უპირო და სიტყვის არშემსრულებელ ადამიანებს, განსაკუთრებით ევროპაში, როცა შარლ მიშელის შეთანხმება თავზე გადაახიეს ევროპას, ამის შემდეგ “ქართულ ოცნებას” არავინ ენდობა, – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ავანსად მისცეს.

მანჯგალაძის განცხადებით, მავნებლობაა ასევე განცხადებები, რომ სტატუსი საქართველოს არ მისცეს, რადგან ქვეყანამ ომი არ დაიწყო.

“რეალურია ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც გასცა ევროპულმა კომისიამ, მაგრამ ეს არარეალურია “ქართული ოცნების” პირობებში, რადგან მათ არ სურთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, დეოლიგარქიზაციას მით უმეტეს, ვერ განახორციელებს ოლიგარქი, ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზებები, ოპოზიცია გამოვა კონკრეტული ინიციატივებით, რომლითაც ხელისუფლებას ერთობლივ სამუშაო ფორმატებს შევთავაზებთ. რაც შეეხება იმ სისულელეს ან მიზანმიმართულ მავნებლობას, რომ საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რადგან ომი არ დავიწყეთ, ამაზე აშშ – ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს არის 100 პროცენტით რუსული ნარატივი ვინც ასე საუბრობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში იქნებიან, თუ ხელისუფლების გარეთ ე.წ. ექსპერტები, ვინც ამას ამბობს, რომ ომის დაწყებას გვაძალებდა დასავლეთი და ომი არ დავიწყეთ, ის არის ან სასარგებლო იდიოტი ან მიზანმიმართული მტერი და მოღალატე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.