გიორგი ბოტკოველი „ოცნებას“: „თავების თვლას აზრი აღარ აქვს, დაიწყეთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დღეების თვლა“

„თავების თვლას აზრი აღარ აქვს, სჯობს დაიწყოთ იმ დღეების თვლა, სანამ თქვენ ხართ ხელისუფლებაში. მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს რამდენი ადამიანი იდგა გუშინ აქციაზე თუმცა, ამ ყველაფერს აუცილებლად შეაფასებს ისტორია, ის ისტორია, რომლის დასაცავადაც გუშინ იდგნენ ადამიანები“, – ამის შესახებ გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი აქცია ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის მიერ იყო ორგანიზებული.

„ეს აქცია ორგანიზებული იყო იმ ხალხის მიერ, რომელიც არის ძალიან გაბრაზებული თქვენზე მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც თქვენ მხარს გიჭერდნენ. იმის ნაცვლად, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანებისთვის რაღაც დამაიმედებელი გეთქვათ, იმედი გაგეჩინათ, მოჩვენებითად მაინც გეკეთებინათ რამე ისეთი, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ხელს შეუწყობდა, პირიქით, ამ დღეების განმავლობაში შეურაცხმყოფელი განცხადებები მოვისმინეთ იმ ხალხის მიმართ, ვინც წავიდოდა აქციაზე. ეს არის თქვენი რეალური სახე და ამ სახეს უპასუხა გუშინ ქართველმა ხალხმა. თავების თვლას აზრი აღარ აქვს, სჯობს დაიწყოთ იმ დღეების თვლა, სანამ თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დღეების თვლა დაიწყეთ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მან მოუწოდა ხელისუფლებას ყურადღება მიაქციონ დოკუმენტში ჩაწერილ მთავარ პუნქტს, რომლის თანახმად, ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა.

„ყურადღება მიაქციეთ მთავარ პუნქტს და მოახდინეთ რეაგირება. დიახ, ამ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა და სწორედ, ის ხალხი, რომელიც გუშინ იდგა და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, უზრუნველყოფს იმას, რაც ვერ უზრუნველვყავით თქვენ. თქვენ ვერ გაიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე და განვითარების გზაზე. ხალხთან ერთად, დეოლიგარქიზაციის პუნქტის რეალურად შესრულებით, ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.