ნინო ლომჯარია – აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია, ჩავთვალოთ, დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს

აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია, ჩავთვალოთ, დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა.

„ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან:

1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;

2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;

3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;

4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქტი;

5. ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.