ახლა საქართველოში პრობლემები აქვთ, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეები იყვნენ – გონჩარენკო

მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც, – ასე მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ სიტყვით გამოსვლისას.

„გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ მოლდოვას კანდიდატობაზე. დიახ, მათ [საქართველოს] აქვთ პრობლემები ახლა, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევლად იქცეს. ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპის შიგნით, მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც“, – განაცხადა გონჩარენკომ.

რადას დეპუტატმა ნატოს მოახლოებულ სამიტზეც ისაუბრა.

„მომდევნო კვირას ნატო-ს სამიტი გაიმართება. მივმართავ თურქეთს, მხარი დაუჭირეთ ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.

მინდა, მივმართო ნატოს-ს წევრ ყველა ქვეყანას, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს და მიეცით MAP-ი (სამოქმედო გეგმა). ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ძლიერები, რათა ვებრძოლოთ ყველა იმ საფრთხეს, რომელიც დღეს გვემუქრება,” – განაცხადა გონჩარენკომ.