“წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ დაამშვიდეთ – ექიმს ხომ არ დავუძახოთ?” – ირაკლი ღარიბაშვილი ხატია დეკანოიძეს

წამალი არ გაქვთ, წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ,  ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ? – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის პლენარული სხდომაზე მას შემდეგ, რაც მის გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატების, ხატია დეკანოიძის და ანა წითლიძის მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ღარიბაშვილის რეპლიკამდე ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გააფრთხილა, რომ თუკი პრემიერ-მინისტრს სიტყვით გაგრძელების საშუალებას არ მისცემდნენ, დარბაზს დაატოვებინებდა.

„ქალბატონო ხატია, თქვენ უპატივცემულობას იჩენთ არა მხოლოდ თქვენი კოლეგების მიმართ, არამედ ზოგადად, დემოკრატიის იდეის მიმართ. რამეს თუ არ ეთანხმებით, თქვენ გაქვთ დრო, რომ ეს გამოხატოთ როცა თქვენი ფრაქციის დრო მოვა. ახლა თქვენ პარლამენტში პროცედურას ხელს უშლით. ქალბატონო ხატია დარბაზს დაგატოვებინებთ“,- მიმართა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ხმაურით დაიწყო.

ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“. მას ასევე უწოდა „მონა“.

ჯამში, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება. ამ დროისთვის პრემიერი დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოსვლას განაგრძობს.