,,ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი, საცოდავი ადამიანი ხარ” – ღარიბაშვილი ხაბეიშვილს

ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს.

პლენარულ სხდომაზე ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმით, 2008 წლის ომის დროს „მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები ვიხილეთ“.

„რომელი გარბოდა? ერთი გვარი დაასახელე ვინ გაიქცა და პირადად შენ სად იყავი აგვისტოს ომის დროს“, – მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს.

თავის მხრივ, ღარიბაშვილმა მათ მოუწოდა, რომ ასეთი დეპუტატების გვარები ათეულობით არსებობს.

„ნუ ყვირი, წყნარად იყავი მანდ, მიბრძანდი გარეთ. ერთი კი არა, ათეულობით გვარი არის დაფიქსირებული. მე თბილისში ვიყავი, ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე, ღარიბაშვილმა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის რეალობა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ეხება“.

„ჩვენ რუსეთთან გვაქვს ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის რეალობა. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ 2012 წლამდე ეს ურთიერთობა აღედგინათ, დღეს კი აკრიტიკებენ. ომი ტრაგედია და უბედურება იყო, რაც გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ, ამათი მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები. ქვეყნიდან გარბოდით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.