ქართული საზოგადოება ათი თავით კი არა, ათი ათასი თავით ჯობია ყველას ერთად აღებულ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს – ალეკო ელისაშვილი

„დღეს, განმიმტკიცდა ის აზრი, რაც მაქვს სულ, რომ ქართული საზოგადოება ათი თავით კი არა, ათი ათასი თავით ჯობია ყველას ერთად აღებულ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს, რომ ქართულ საზოგადოებას ზუსტად ესმის რას ეუბნებიან ევროპიდან და ქართული საზოგადოება მზად არის პოლარიზაცია დაასრულოს და დაასრულა კიდეც 20 ივნისს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის არ იქნებ გამოყენებული ყველა შესაძლებლობა.

„ორი დღე დარჩა და საბოლოოდ გავიგეთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მიიღეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა. ვფიქრობ, რომ ამ ხნის განმავლობაში ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოგვეყენებინა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ გვესმის ჩვენი ევროპელი მეგობრების, მათი შენიშვნის, მათი მითითების, რომელიც ისევ ჩვენთვის არის კარგი, თორემ თვითონ მშვენიერ, აწყობილ ქვეყნებში ცხოვრობენ. თითოეული ჩვენგანის თოთოეული ნაბიჯი და ძალისხმევა აქეთ უნდა ყოფილიყო მიმართული. უნდა დაგვერწმუნება, რომ დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი. რა გავაკეთეთ დღეს? დღეს, კიდევ ერთხელ, შარლ მიშელისთვის მისი შეთანხმების თავზე გადახევისა არ იყოს, ვაჩვენეთ, რომ შევასხით ცივი წყალი. ვაჩვენეთ, რომ არ გვესმის რას გვეუბნებიან, საერთოდ არ გვესმის და ჩვენი წინაპრების, ათეულობით მილიონი ქართველი რასაც შეეწირა, რომ ვყოფილიყავით დიდი ქრისტიანული სამყაროს და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ამას ვეუბნებით უარს და ვეუბნებით, რომ ჩვენ გვირჩევნია ერთმანეთი ვლანძღოთ, ვთათხოთ, ზიზღი ვაფრქვიოთ ერთმანეთის წინააღმდეგ და ამით გავახაროთ არა ჩვენი მეგობრები ევროპაში, არამედ რუსები. დღეს, ალბათ, ყველაზე ბედნიერები იყვნენ ლავროვი, პუტინი, მარია ზახაროვა და სხვები“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.