„დღეის მდგომარეობით, პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან – ეს არის ომი ევროკავშირთან” – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ფეისბუქში“ წერს,  რომ ეს არის პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ასევე მოლდოვაში და შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში.

კუბილიუსი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ისტორიულ დღეს უწოდებს.

„უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი. გუშინ ჩვენ წინასწარ აღვნიშნეთ ეს ევროპარლამენტში. ჩვენ სწორად ვიგრძენით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვა გადაწყვეტილების მიღებას.

უკრაინის ლიდერობა ასევე ცვლის ევროკავშირსაც: მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან წარმოუდგენელი ჩანდა. დღეის მდგომარეობით, პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან. ეს გახლავთ უკრაინის ისტორიული გამარჯვება და ეს არის პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც. შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.