ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება, პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს – ეს ეპოქა დასრულდა და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დროს, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არათუ დევნიდნენ, არამედ სასტიკად ანადგურებდნენ.

როგორც მან გამართულ ბრიფინგზე თქვა, სააკაშვილის დროს წამებისა და დაჭერების  ეპოქა დასრულდა და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა.

„მიხეილ სააკაშვილის დროს, პოლიტიკური ნიშნით არათუ იჭერდნენ ადამიანებს, ხვრეტდა, აწამებდა და აღარ გავაგრძელებთ, ყველაფერი კარგად იცით. ის მთავრობა ართმევდა სახლებს, ბიზნესებს და ანადგურებდა ადამიანებს პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურად. ეს ეპოქა დასრულდა, მეგობრებო და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის თამასა და სტანდარტები, რომელიც დატოვა ბატონმა ივანიშვილმა, ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები და იმ პოლიტიკის გამაგრძელებლები, რაც დაიწყო მან 10 წლის წინ. ეს ეხება ევროპულ ინტეგრაციას, მედიათავისუფლებას და ა.შ.

ჩვენ ახლა გვაქვს ხელშესახები რამდენიმე კონკრეტული შედეგი – ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ოცნებაც კი არ შეიძლებოდა სააკაშვილის პირობებში. დღეს რომ ყოფილიყო სააკაშვილი, არავითარი პერსპექტივაც არ გვექნებოდა. გაცხადებულად და დეკლარირებულად ისინი სხვა მიმართულებით მიექანებოდნენ. 3 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების კონსულტაციების პროცესი იყო გაჭიანურებული. ჩვენ მოვედით, დავიწყეთ, მოვაწერეთ და გავაკეთეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.