„მთელი კამპანია წარიმართა იმის თაობაზე, რომ თითქოს სტატუსს უკავშირდებოდა მატერიალურ-ფინანსური პრივილეგიები და 5 მილიარდი ევრო დავკარგეთ – ეს ტყუილია” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაჩვენეთ ღირსება და საბოლოო ჯამში ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამაში ბევრ რამეს ვგულისხმობ. სახელმწიფომ და ხელისუფლებამ დაიჭირა ღირსეული პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პრივილეგიებს, ეს არის სერიოზული პოლიტიკური პრივილეგიები. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სტატუსიც მივიღოთ, მაგრამ მთელი კამპანია წარიმართა იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ სტატუსს უკავშირდებოდა მატერიალურ-ფინანსური პრივილეგიები, თითქოს 5 მილიარდი დაკარგა საქართველომ – ეს არის ტყუილი. 14 მლრდ ევრო განკუთვნილია 5 კანდიდატი ქვეყნისთვის.

ესენია, თურქეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი და მაკედონია. 7 წლის განმავლობაში, მაგალითად, სერბეთმა მიიღო 1,5 მლრდ ევრო. ეს არის ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 25 ევრო. მაკედონიამ მიიღო 624 მლნ ევრო, რაც ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 46 ევროს უდრის. ალბანეთმა მიიღო 49 მლნ ევრო, რაც ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 32 ევროს უდრის.

იგივე პერიოდში საქართველომ, რომელიც არც კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი, არამედ ასოცირებული ქვეყანა იყო, მიიღო ერთ სულ მოსახლეზე 39 ევრო, ანუ საშუალოზე მეტი. ამავე პრინციპით გადანაწილდება შემდეგი 7-წლიანი საბიუჯეტო პერიოდისთვის დაფინანსება. ანალოგიური ბიუჯეტი უკვე გათვალისწინებულია არაკანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის. კანდიდატის სტატუსი რომ მიგვეღო, მივიღებდით იგივე დაფინანსებას, რასაც როგორც ასოცირებული ქვეყანა ვიღებთ. სრული ფეიკია ის, რასაც ამბობენ ამაზე“, – ამბობს კობახიძე.