რადიკალურმა ოპოზიციამ ვერასდროს დაამთხვია საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს, იმის ნაცვლად, რომ ერთად შევასრულოთ პუნქტები, ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ – გურამ მაჭარაშვილი

რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს ვერასდროს დაამთხვია. დღეს, როცა ევროკავშირის ყველა ლიდერმა საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღების დასაწყისი მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა, ოპოზიციას სულ სხვა გეგმები აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაცვლად, საკუთარი შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს.

„12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაცვლად, საკუთარი შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება ერთად დავდგეთ და ეს პუნქტები მაქსიმალურად შევასრულოთ, რაღაც ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ, თითქოს ენჯეოს აფუძნებდნენ – რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება, არასამთავრობო ორგანიაციას დააფუძნებს და ლაპარაკობს ხალხის სახელით. ჰგონიათ, ხელისუფლებაც ასე კომპლექტდება. ამ ადამიანებს იმის განცდა არ აქვთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ თან ხალხის სახელით ისაუბროს, თან ხალხს ისინი არსად, არასდროს ჰყავს არჩეული და საზოგადოება მოატყუოს, რომ რაღაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატი და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ. ასეთი ტიპის განცხადებები დისონანსის შეტანის მიზანს ემსახურება. დასავლელ პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციები გაგრძელდება ყველა იმ საკითხზე, რაც სამივე ქვეყნის მიმართ არის წაყენებული. როგორც აქამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა, ასე გაგრძელდება მუდმივად. წინა ხელისუფლების დროს ევროინტეგრაციაზე მხოლოდ განცხადებები იყო, მაგრამ ქმედებები იყო ის, რომ ჩვენს ორ რეგიონზე იურუსდიქცია არ ვრცელდება, ასევე ძირითადი ენერგორესურსები ოკუპანტს გადასცეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.