მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. „ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან 113.3-ია, ხოლო წინა თვესთან შედარებით 101.1. რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 114.2, ხოლო წინა თვესთან შედარებით 98.8-ია.

საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები 2022 წ. იანვარ-მაისში შემდეგრანირად გამოიყურება: საქონლის ექსპორტი (FOB) 2 112.1 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.5%. საქონლის იმპორტი (CIF) 4 821.5 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.3%. საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6 933.6 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.4%.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password