თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვა – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ნატოში მადრიდის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვა.

“ეს მემორანდუმი არის თურქეთის და ჩვენი ერის დიპლომატიური გამარჯვება რთული მოლაპარაკების პროცესის შემდეგ. ცხადია, ეს მემორანდუმი არის მხოლოდ დასაწყისი, მთავარი არის დადებული პირობის შესრულება. შემდეგ პერიოდში ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით მემორანდუმში ჩაწერილი საკითხების შესრულებას და შესაბამისად გადავდგამთ ჩვენს ნაბიჯებს. ეს საქმე არ გამოვა, თუ ჩვენ არ დავამტკიცებთ პარლამენტში. პირველ რიგში, შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და ეს უკვე ტექსტშია, მაგრამ თუ ისინი არ შეასრულებენ ამას, მაშინ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ გადავაგზავნით მას ჩვენს პარლამენტში,” – აცხადებს ერდოღანი.