„კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია“ – ივანე ჩხაიძე

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა“, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ცნობით, ახალი შტამით ინფიცირებულებში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები მატულობს და ეს მატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაორმაგებულია შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი რჩება. გარდაცვალების მაჩვენებელი, 0, 1, მაქსიმუმ 2 შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ამ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე დაავადება არ მიმდინარეობს მძიმედ და ძირითადად არიან პაციენტები, რომელთა მართვაც შესაძლებელია ბინაზე, ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ“, – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.