ირაკლი კობახიძე: გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ

„გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას – ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება.

„გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას სჭირდებოდა ერთი მთავარი რამ – ხალხის მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.