,,მერე რა, რომ ხალხი რუსთაველზე არ დარჩა?! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი არ აყვა – მთავარია ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკური დუღილის პროცესი დაწყებულია” – ალექსანდრე კობაიძე

,,მერე რა, რომ ხალხი რუსთაველზე არ დარჩა?! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი არ აყვა – მთავარია ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკური დუღილის პროცესი დაწყებულია” – ამის შესახებ პარტია ,,პროგრესული საქართველოს” დამფუძნებელმა და უფლებადამცველმა, ალექსანდრე კობაიძემ ,,ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი დროებითი მთავრობის შექმნაა,  რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს.

,,აქ მთავარი ისაა, რომ საზოგადოება არის უკვე აქტიური. ეს არის შეუქცევადი პროცესი. მთავარია, რომ დღეს როგორც იქცევა ,,ქართული ოცნება“, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაგინებელი სიტყვებით ელაპარაკება ამ ადამიანებს და ქათმებს უწოდებს, ეს უფრო აგრესიულს გახდის იმ საზოგადოების ნაწილს, რომელიც აქციაზე ვიყავით. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ ბუმერანგის პრინციპით მოუბრუნდება დღეს თუ ხვალ აი ამ ხელისუფლებას ის, რასაც ის კადრულობს.

მე შევახსენებ მთავრობას, რომ 2012 წლამდე ზუსტად ასე იქცეოდა წინა ხელისუფლება. დღესაც ეს ხელისუფლება იქცევა ანალოგიურად და უშვებს მსგავს შეცდომებს. განსხვავება არ არის საერთოდ არაფერი, გარდა იმისა, რომ შეცვლილია სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.

რაც შეეხება, იმას, რომ რატომ არ აყვა ხალხი ,,სირცხვილიას“ ხალხი, ჩემი აზრით ზუსტადაც რომ აყვა ხალხი ამ აქციას და მივიდა ძალიან ბევრი ხალხი. მთავარია, რომ ეს მუხტი არ გაჩერდეს და კვლავ განახლდეს. მერე რა, რომ ხალხი რუსთაველზე არ დარჩა?! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი არ აყვა. პირიქით, ახლა უნდა გაცხოველდეს მდგომარეობა. მთავარია ჩვენ დავიანახეთ, რომ ახალგაზრდები არიან აქტიურები და ეს უკვე წინაპირობაა იმის, რომ ვივარაუდოთ რომ პოლიტიკური დუღილის პროცესი დაწყებულია. ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად მოიქცევა ძალიან მალე ვნახავთ. დღეს ვიხილეთ 50 ახალგაზრდას საწინააღმდეგოდ მთავრობამ დაახლოებით 500 პოლიციელი მიიყვანა, რომ მთავრობის სხდომას ხელი არ შეშლოდა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ აგონიაშია დღევანდელი ხელისუფლება და ცდილობს ძალის დემონსტრირებას.

რაც შეეხება ღარიბაშვილის გადადგომას, მისი გადადგომა არ შეცვლის არაფერს. ღარიბაშვილი შეიძლება წავიდეს და მოვიდეს სხვა ღარიბაშვილი. ახლა მთავარია რომ იყოს ე.წ. დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომელიც ამ პოლარიზებული სისტემის დაახლოებას შეუწყობს ხელს. მთავრობა, როემლიც რეალურად გააერთიანებს ერთმანეთთან დაპირისპირებულ საზოგადოებას. პოლიტიკოსები კიდევ უფრო მეტად აღრმავებენ ამ მდგომარეობას. ერთადერთი გამოსავალია დროებითი მთავრობა, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს.

მე მოვუწოდებ სახალხო დამცველს, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში, აიღოს ინიციატივა, გააერთიანოს არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები, სოციალური ჯგუფები. შეიკრიბონ სახალხო დამცველის ირგვლივ. მას შეუძლია ამ პილიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში ,,ქართულ ოცნებას“ მეტი გზა აღარ ექნება, დაჯდება ამ ხალხთან და მათთან რეალურად მოილაპარაკებს. ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. პრეზიდენტი ვერ იღებს ამ პასუხისმგებლობას, როგორც ვხედავთ და ვფიქრობ, კარგი იქნება თუ სახალხო დამცველი შეასრულებს ამ როლს” – აღნიშნავს კობაიძე.

ცნობისთვის, 3 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე, ,,შინ ევროპისკენ” შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.