„ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას, ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი – რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე” – ამირან გამყრელიძე

რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველს არხს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ ორ კვირასთან შედარებით, კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ორ-ნახევარჯერ არის გაზრდილი, რაც „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამებს უკავშირდება.

როგორც გამყრელიძემ ამ შტამებზე საუბრისას აღნიშნა, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 შტამები სწრაფად ვრცელდება, თუმცა რთული მიმდიანრეობა არ ახასიათებს.

„მარტო საქართველოში არ ხდება. მთლიანად მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, 42 ქვეყანაში იყო შემთხვევების ზრდა. ეს ძირითადად განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 -ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა არ არის მეტი. ანუ უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს. გუშინ იყო 631 ახალი შემთხვევა, დღეს გვაქვს 756. წინა კვირასთან შედარებით, რომელსაც ვითვლით მთელი კვირისას, სამშაბათს დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე ორი კვირის წინ. ანუ 2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. გარკვეულად მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი. სერიოზულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დღესდღეობით ქვეყანაში იმუნური ფენა შემცირებულია.

„მთავარი რეკომენდაცია არის აცრა. ჩვენთან იმუნური ფენა შემცირდა. იმუნური ფენა მაღალი გქვონდა მარტში, მოსახლეობის 85 პროცენტს ჰქონდა იმუნური პასუხი. ეს განპირობებული იყო როგორც აცრებით, ასევე გადატანით. ამიტომ შედარებით მარტივად გავიარეთ აპრილი, მაისი, ივნისის პირველი ნახევარი. მოგეხსენებათ, იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის, 5-6 თვის შემდეგ თანდათან მცირდება – იქნება ეს აცრა, თუ გადატანა, ამიტომ დღეს ქვეყანაში იმუნური ფენა შემცირებულია. მთავარი რეკომენდაციაა, მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან. მესამე დოზა შეუძლია, გაიკეთოს ყველა მსურველმა 18 წლის ზემოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.