პარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულების მიზნით ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლას იწყებს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო დაიწყოს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლა. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევის შედეგად მიღებულ დოკუმენტზე იმუშავებს.

„ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაო ჯგუფში ჩვენ უკვე საგნობრივად შეგვეძლება ყველა ჩართულ მხარესთან ერთად კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ. კონკრეტული შედეგი გულისხმობს შემდეგს, როცა გვეცოდინება და შეჯერებული გვექნება ის გამოწვევები, რაც შეიძლება საპარლამენტო კონტროლის სახით არსებობდეს ან დამატებითი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც შეიძლება საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდან კიდევ საჭიროდ ჩავთვალოთ, ამის კანონპროექტად ქცევა და დარეგისტრირება მოვახერხოთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, 21 სექტემბრისთვის კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებული უნდა იყოს და 1 ნოემბრისთვის კი, საპარლამენტო კონტროლის კუთხით პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ან სხვა სახის საკანონმდებლო აქტები უნდა მიიღოს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ პერიოდში, კომიტეტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროაქტიულად დაუკავშირდება ყველა ფრაქციას, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, აგრეთვე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს, ვინც პროფესიულად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა ერთ სამუშაო ჯგუფში მოხდეს ყველა საკითხის შეჯერება და ასეთი წესით მომზადდეს საკანონმდებლო პროექტები.

მისი თქმით, კომიტეტი შესაბამის კითხვებს გაუგზავნის ყველა იმ საპარლამენტო სტრუქტურას, ვისგანაც ამ საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით კვლევებისთვის საჭირო გახდება ინფორმაციის მიღება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password