ირაკლი კობახიძე: დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება

„მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე პოლიტიკურ ვალდებულებას იღებს.

„ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.