„ნათელია, „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც” – ბორის ჯონსონი თანამდებობას ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამასთან ჯონსონი ტოვებს მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას.

„ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ჯონსონის განმარტებით, ის ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას.

ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებაზე განცხადებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე. პროტესტი კი უკავშირდება სექსუალურ სკანდალს, რომლის გამოც ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა.