ევროპელმა კოლეგებმა მითხრეს, არახამია შეხვედრებზეც კი დადის და ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს მიღებული, უნდა დავასანქციროთ გარკვეული პირები, გარუსებული ქართველები არიან ყველაზე საშიში – ნიკოლოზ სამხარაძე

ყველაზე საშიში მტერი, ვინც კი შეიძლება, საქართველოს ჰყავდეს, არის გარუსებული ქართველი. არახამია არის კლასიკური გარუსებული ქართველის მაგალითი, რომელიც ჩვენ და ჩვენს საზოგადოებას რუსულ ენაზე მოგვმართავს ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, გარუსებული და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქართველების მომართვები არ აინტერესებს და ფიქრობს, რომ არც ქართულ საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს.

„აქედან გამომდინარე, საერთოდ არ მაინტერესებს გარუსებული და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქართველების არც მესიჯები და არც მათი მომართვები. მგონი, არც ქართულ საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ იცავს აბრამოვიჩს, რომელიც თურმე რუსი ოლიგარქი არ ყოფილა და არ უნდა იყოს დასანქცირებული. ამაზე მეტი ლუსტრაცია საჭირო აღარ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება ასეთი განცხადებები კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ევროინტეგრაციის პროცესზე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა:

„ევროპელი პარტნიორები ამ განცხადებებს რომ ისმენენ, გეკითხებიან, რა ხდება. შემდეგ, როდესაც გაეცემა ნათელი პასუხი, ისინი ჩვენი პასუხებით კმაყოფილი არიან. თუმცა რა თქმა უნდა, ცდილობს, დააზიანოს, რადგან როგორც ევროპელმა კოლეგებმა მითხრეს, შეხვედრებზეც კი დადის და ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს მიღებული, უნდა დავასანქციროთ გარკვეული პირები და ა.შ. ანუ გარუსებული ქართველები არიან ყველაზე საშიში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, „ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად, ეფექტიანად დაგეხმარებიან“.