ბორის ჯონსონი ზელენსკის: შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ურყევ მრავალპარტიულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავდაცვითი დახმარების მიწოდებას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა შეეცადოს დაასრულოს უკრაინული მარცვლეულის ბლოკადა უახლოეს კვირებში.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს უკრაინის მიმართ გადამწყვეტი მოქმედებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი მადლიერია დიდი ბრიტანეთის ძალისხმევისთვის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკის ქებით დაასრულა და განაცხადა: „შენ გმირი ხარ, ყველას უყვარხარ“.