სოსო გოგაშვილი: ვადასტურებ რ2-ის საქმის მოსამართლეზე ზეწოლის ფაქტს

„ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში ნათქვამ ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ” – ასე ეხმაურება სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, ბესარიონ ალავიძის აღიარებას, იმის შესახებ, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა.

მისივე თქმით, რ2-ის ხელში ჩასაგდებად სუს-ის საქმეში ჩართვა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გადაწყდა, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ალავიძემ არ მიიღო „ოცნებისთვის” საჭირო გადაწყვეტილება.

„მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა რუსთავი 2-ის საქმეზე „ოცნებისთვის” სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ – სუსი. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება – ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.” – წერია სოსო გოგაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში.