ბრძოლა გადამწყვეტი მანდატისთვის – სენაკში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 2022 წლის 1 ოქტომბერს სენაკში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

საარჩევნო პროცესი სენაკის N24, N25 და N41 საარჩევნო უბნებზე წარიმართება.

უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა. სულ დარეგისტრირებულია 2300-ზე მეტი ამომრჩეველი, აქტივობის შესახებ ცესკო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

სენაკელ ამომრჩევლებს დღეს საარჩევნო ბიულეტენში არჩევანის გაკეთება მხოლოდ 2 კანდიდატს შორის შეეძლება:

N29 მამუკა ტუსკაძე (სოციალური სამართლიანობისთვის)

N41 ზაზა ყურაშვილი (ქართული ოცნება).

შუალედურ არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, მათ არ წარადგინეს კანდიდატები, უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობა” პროცესს სრულად ჩაეხსნა და მათ უბნებზე კომისიის წევრებიც არ ჰყავთ.

საარჩევნო პროცესი ელექტრონულად ჩატარდება და უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც დაიწყება ხმის დათვლის პროცესი.

შუალედურ არჩევნებს 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი, 11 მედიაორგანიზაციის 141 ჟურნალისტი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 4 წარმომადგენელი დააკვირდება.

ამ არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა „ოცნება” სენაკის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას.