“ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ფარსს ვუყურებდით და ხელისუფლების კანდიდატს გაიყვანდნენ”

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ეხმიანება და ამბობს, არჩევნების პროცესი იყო ფარსი.

-„სიმართლე გითხრათ, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ფარსს ვუყურებდით და ხელისუფლების კანდიდატს გაიყვანდნენ. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ იმ სამეურვეო საბჭოში არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ჩვენთან ერთად რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და იმ ხალხის წყალობით, ვინც საპროტესტო აქციების დროს დღეს და ღამეს ქუჩაში ატარებდნენ, თანამდებობები მოიპოვეს. აღმოჩნდა, რომ მათთვის მთავარია სკამი და არა იდეა. მხოლოდ გულუბრუვილო ბავშვი თუ დაიჯერებს, რომ კანდიდატებს შორის ობიექტურად შეირჩა ახალი თავმჯდომარე და რომ ეს მედიის ხელისუფლების მიერ გაკონტროლების სცენარის ნაწილი არ არის.

იმედია, სახელისუფლებო გუნდის ის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ოცნებამ “საოცნებო” დემოკრატია შემოგვთავაზა, თავს აღარ გაიმასხარავებენ და “დემოკრატიულობანას” აღარ ითამაშებენ. მათ უნდა იციდნენ, რომ გავა დრო და მათაც ისევე მოუწევთ პასუხისმგებლობა “ოცნების ხელისუფლების” ნამოქმედარზე, როგორც დღეს „ნაცმოძრაობის“  წევრებს უწევთ . სწორედ ასეთი ნაბიჯებით ესმევა წერტილი დემოკრატიას!”

შეგახსენებთ, რომ საზმაუს გენერალური დირექტორის თანამდებობა ვასილ მაღლაფერიძემ დაიკავა.

კომენტარის დატოვება