ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

რაც შეეხება მეორე დაშავებულ მოზარდს ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ის კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, გუშინ, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. დაშავებულები სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაშავებული 13 წლის გოგო მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მკვლელი შადრევანი კახა კალაძემ გუშინ გახსნა და მის რეაბილიტაციაში 6 500 000 ლარი დაიხარჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.