ამ რეზოლუციის გამო რუსებს ექნებათ პრობლემები შემდგომი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად!

რეზოლუციის პროექტს „კონფლიქტი საქართველოში“  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი დაუჭირეს. ამ ფაქტს დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:

“რეზოლუციის იმპლემენტაციის თაობაზე მესმის გარკვეული ქირქილი, რომ ქაღალდზე დაიწერება, მერე რა მოხდა და ასე შემდეგ… მინდა ყველას შევახსენო, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და საერთოდ, პარლამენტები ქაღალდზე დაწერილ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. ჩვენ სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი არ გვაქვს. ქაღალდზე იწერება ჩვენი ქვეყნისთვის ყველა სასარგებლო და სასიკეთო გადაწყვეტილება და ასევე ქაღალდზეა დაწერილი არასწორი და მიუღებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს უქმნის პრობლემას – იქნება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით თუ სხვა თემებზე. ასეთი რეზოლუციები ხდება შემდგომი მოქმედებების საბაზო დოკუმენტები იმ წევრი სახელმწიფოებისა და იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც მას მხარი დაუჭირა. ისინი სხვა შემთხვევაში, როცა კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები, ამ რეზოლუციას ითვალისწინებენ. ამიტომ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა ისეთივე დიდია, როგორც სხვა აქტების.

აქვს თუ არა მას იურიდიული ძალა? – არა, ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მას აქვს პოლიტიკური ძალა. ამ რეზოლუციის გამო რუსები ხვალ ჯარებს არ გაიყვანენ ცხინვალიდან და სოხუმიდან, მაგრამ ამ რეზოლუციის გამო მათ ექნებათ პრობლემები შემდგომი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად და დანარჩენი მსოფლიო იქნება საქართველოს უფრო მეტად მხარდამჭერი კონტრზომებში, რაც ჩვენგან არის მისაღები“.

კომენტარის დატოვება