ხელისუფლებას მორალური ზიანისთვის 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა | ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქმეზე, მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროსასამართლომ დაადგინა:

  • კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა – პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება), ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ
  • არ დაუდგენია მეორე მუხლის დარღვევა – არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).

სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის, თუმცა მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, რომ მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა. სასამართლომ დასაბუთების არარსებობის გამო.

ამასთან ევროსასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა).

განაცხადში მოსარჩელეები დაობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე:

  • მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება),
  • მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა),
  •  13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე).

შეგახსენებთ, 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში, თავის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს გონზე მოუსვლელად კლინიკაში გარდაიცვალა.

ქართულმა ძალოვანმა უწყებამ ორი წლის წინ საქმე დახურა. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ 19 წლის ახალგაზრდა კაცი ტერორისტად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი მიმართულებით სპეცრაზმელის გასროლა აუცილებელი მოგერიება იყო.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სიცოცხლის ხელყოფისა და „აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე” განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. საქმის არსებითი განხილვა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.