ივანიშვილს არ მოსწონს როცა ვამბობ, რომ ის არის უწიგნური | ლევან ბერძენიშვილი „ოცნების” ძალადობრივ კამპანიაზე

„ქართული ოცნების” სამიზნე ამჯერად პოლიტიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი ლევან ბერძენიშვილია.

მას რამდენიმე დღის წინ სახელისუფლებო პროპაგანდისტი, „პოსტვ”-ს “ჟურნალისტი” ნათია ბერიძე ქუჩაში აედევნა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ცოტა გამიკვირდა სწორედ იმის გამო, რომ გულწრფელი არ იყო. ვიფიქრე, რას აძლევენ ასეთს, რომ ამას კადრულობს-მეთქი. ცოტა გაუგებარია: ადამიანთან პრეტენზია როცა გაქვს, სულ სხვანაირად იქცევი ხოლმე. მაგრამ აქ ვართ არათანაბარ პირობებში: იმან იცის მე ვინ ვარ, მე არ ვიცი, ის ვინ არის. ვერ ხვდება, რომ ასეთ დროს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ არ გრძნობს თავს უხერხულად. რომ შევხედე, გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა. ახლა რომ ვუყურებ [ვიდეოს], სახეზე, მგონი, ეგ მაწერია, რომ ის არის ცოდო. მართალი გითხრათ, ასეთი ადამიანების ნათქვამი გულთან ძალიან ახლოს არ მიმაქვს, რადგან მე ცოტა მეტი მინახავს ცხოვრებაში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

ასეთ მასშტაბს ვერავინ მისცემდა ამ საქმეს. დიდი მასშტაბი აქვს მიცემული. შალვა რამიშვილი პირდაპირ არის ჩართული: ზის და ფიქრობს, რა გააკეთოს ცუდი. რომ ჰქონდეთ საშუალება, რაც მოითხოვეს, უნივერსიტეტებში არ უნდა ასწავლიდესო, მაგასაც განახორციელებდნენ. მაგას კიდევ შეეცდებიან, ჩემი აზრით.

მას [ივანიშვილს] არ მოსწონს ჩემი განცხადება, რომ ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ ის არის უწიგნური. მე ვიცი, რომ ეს მას ძალიან არ მოსწონს.” , – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის” ეთერში.