„მას მისჯილი აქვს სასჯელი, რომელსაც ჰქვია კანონიერი სასჯელი” | წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

„ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. სინამდვილეში, ჩვენ, ქართველმა ერმა ყველამ კარგად ვიცით, ზოგი ხმამაღლა ამბობს ამას, ზოგი გულის სიღმეში დარწმუნებულია და არ ამბობს, თუ ვერ ამბობს, რომ ან ახლობელი ჰყავდა ხელისფულების ხელით გაუბედურებული, კრიმინალი სააკაშვილის მმართველობის პირობებში, არაერთი პატიმარი იქნა ღირსება შელახული, ვიხილეთ ქუჩაში მოკლული ადამიანები, გადავსებული ქართული საპატიმროები, სასამართლო, რომელიც იყო პროკურატორის განყოფილებად ქცეული და ა.შ.

ამ ყველაფერს სათავეში ედგა კრიმინალი სააკაშვილი და კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს, ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ეს ბრალი დადასტურდა დამოუკიდებელ სასამართლოში და მას მისჯილი აქვს სასჯელი, რომელსაც ჰქვია კანონიერი სასჯელი. მიმდინარეობს ამ სასჯელის აღსრულება. აღსრულებისას პატიმარს ხანდახან აქვს განცდა, რომ ის ამ სასჯელს არ იმსახურებს და ვერ ეგუება ამ სასჯელს. ასე ხდება ხოლმე, ასე ხდება მიშა სააკაშვილის შემთხვევაშიც, მაგრამ მაინც ვერ შეიცვლება რეალობა – ის არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი უშველის, ვერც სიების შედგენა და ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა, რომ მომავალში მათ ციხეში ამოალპობენ. მათ ვერავინ ამოალპობს ციხეში, რადგან მიშა სააკაშვილს, მელიებს, ხაბეიშვილებს და სხვებს ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოში არ უწერიათ”

„პირველი არხის” ცნობით, ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.