„ძალიან ცუდად ვარ. პენსია მქონდა და ეგ [სამსახური] 300 ლარი…” | ლაგუნა ვერეს დარაჯი TV პირველისთვის მიცემული ინტერვიუს გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ლაგუნა ვერეს დარაჯი, ზაზა მელაძე აცხადებს, რომ ის სამსახურიდან TV პირველისთვის მიცემული ინტერვიუს გამო გაათავისუფლეს. ზაზა მელაძემ ჟურნალისტს ლაგუნა ვერეს შიდა ტერიტორია დაათვალიერებინა და იქ არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა.

„[TV პირველზე გასული] სიუჟეტის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს. თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, თავისუფალი ხარო. მორიგეობა ხვალ მიწევს და ვერ გავდივარ. ისეთი გულის შეტევა მაქვს, გუშინ ღამე ძლივს გავათენე. ახლაც თქვენ რომ დამირეკეთ, წნევას ვიზომავდი და 200 მაქვს, წუხელ 220 მქონდა, ძალიან ცუდად ვარ. პენსია მქონდა და ეგ [სამსახური] 300 ლარი და ჩემი შემოსავალი ეს იყო. 40 წელი ვიმუშავე და ასე უბედურად გამომაგდეს. ახლა ალბათ კიდევ უფრო უარესს მიზამენ. ბავშვებს არ დაერიონ, თორემ სხვას არ ვჩივი. თუ არ გავჩერდები, ალბათ უარესსაც მიზამენ”. – განაცხადა ზაზა მელაძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, 21 იანვარს, TV პირველზე, ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო, რომ ლაგუნა ვერესთან ფონდი ქართუ 65-სართულიანი, ორკოშკიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

დარაჯი ინტერვიუში ამბობს, რომ შენობაში წყალი ჩამოდის. ზაზა მელაძემ ასევე განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე სპეციალური მილები ამოყარეს და ჯართში ჩააბარეს.

აღნიშნული პროექტით აღფრთოვანებულია თბილისის მერი, კახა კალაძე. ბიძინა ივანიშვილს უკვე მადლობაც გადაუხადა.

კალაძის თქმით, ლაგუნა ვერე, რომლის მფლობელიც ფონდი ქართუა, საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადაეცემა.