უკანონო მოსმენების საქმეზე ნიკა გვარამიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, დღეს თბილისის პროკურატურამ „მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს მედიაში სუს-ის ე.წ. კრებსების გავრცელებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხდებოდა ჟურნალისტების, სასულიერო პირების, ადვოკატების, დიპლომატებისა და სხვა პირების თვალთვალი, სატელეფონო და პირადი საუბრების უკანონო მიყურადება.

„დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ”, – აღნიშნავს GDI.

საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელებას ფაქტზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გამოძიება 2021 წლის 14 სექტემბერს დაიწყო და ისევ გრძელდება.