იყო რაღაცა სპეკულაციები, არავითარი ქართველი, საუბარია უკრაინაზე… ჩემს შვილს არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა იყო აუცილებელი | გიული ალასანია

გუშინ, პოლიტპატიმარი პრეზიდენტის მიერ „შპიგელთან” მიცემული ინტერვიუ შიგამოქვეყნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ის მოატყუეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

მესამე პრეზიდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ეს ხალხი რუსეთის აგენტები იყვნენ, რასაც პოლიტიკურ სპექტრში სპეკულაციები მოჰყვა.

გიული ალასანიას თქმით, „რუსეთის აგენტებში” არ იგულისხმება არც ერთი ქართველი და საუბარია უკრაინაზე:

„შპიგელმა დაბეჭდა ინტერვიუ საკმაოდ ვრცლად, რაც უკვე ძალიან დიდ ინტერესზე მეტყველებს დასავლურ საზოგადოებაში და საერთოდ მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაიმართა სპეკულაცია, თუ ვინ იგულისხმებოდა. აქ არ იგულისხმება არავითარი ქართველი, აქ საუბარია უკრაინაზე. რუსეთში საკმაოდ გავრცელებულია ტერმინი „იფსო“, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას. ჩემი შვილის შემთხვევაში, მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილას და ამბობდნენ, რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელია და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, რადგან მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში, და ამ დროს ის არ უნდა ყოფლიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო რუსეთის ამოცანა, და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა. გამოკეტილი ჰყავთ უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ფაქტობრივად კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ახორციელებს ქართული ხელისუფლების ხელით.”, – განაცხადა გიული ალასანიამ.